მეუფე თეოდორეს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს

0
1610

მეუფე თეოდორეს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს

Загрузка...

ავტორი: ირაკლი პაიჭაძე

„პრაიმტაიმისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რამდენიმე თვეა, საპატრიარქოში მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. კერძო საუბრებში ითქვა, რომ მოკვლევის შედეგად ათეულობით კორუფციული გარიგებისა და ეკლესიის ქონების დატაცების ფაქტი გამოვლინდა.

კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე თეოდორეს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა. ძვირად ღირებული უძრავი ქონება უკვე დაუბრუნდა საპატრიარქოს. ვისი დახმარებით და რა სქემით დაეუფლა ვერაზე ჯანაშიას #2-ში მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებულ პენტჰაუსს მეუფე თეოდორე? დეტალებზე „პრაიმტაიმის“ კონფიდენტი საუბრობს.
– ეს უძრავი ქონება ნამდვილად დაუბრუნდა საპატრიარქოს და მას ფლობდა მეუფე თეოდორე. გარკვეულმა ჯგუფმა, ვისაც ეს დავალებული ჰქონდა, ეს საკითხი შეისწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ქონების კორუფციული გზით დაუფლების ფაქტს, ამის შემდეგ მოხდა რეაგირება და ქორეპისკოპოსს ქონება ჩამოართვეს.
„პრაიმტაიმმა“ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უშუალოდ მივედით ჯანაშიას ქუჩაზე. ამ ფოტოებზე სწორედ ის ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მე-6 სართულზე ეპისკოპოსი თეოდორე პენტჰაუზს ფლობდა. „პრაიმტაიმი“ ამ საცხოვრებელი კომპლექსის დაცვას გაესაუბრა…
– თუ იცით, ამ სახლში რაიმე სახის ფართს ფლობდა მეუფე თეოდორე?
– სახელი არ ვიცი, მაგრამ ბოლო სართული მამაოსია… ადრე კი, მაგრამ ბოლო პერიოდში – არა.
– მიზეზი არ იცით, რატომ აღარ ჩანს?
– ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ ცოტა ხნის წინ საპატრიარქოდან იყვნენ და, მგონი, მათ გადაეცათ.
– შეგიძლიათ, მაჩვენოთ, რომელ პენტჰაუზზეა საუბარი?
– სადარბაზოში ვერ შეგიშვებთ, გარედან შემიძლია, დაგანახოთ.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯანშიას #2-ში არსებული საცხოვრებელი სახლი მეუფე თეოდორემ საპატრიარქოს ქონების კერძო კომპანიაზე გადაცემის სანაცვლოდ მიიღო. საუბარია საპატრიარქოს სამშობიარო სახლზე. ისტორია ასე იწყება: ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფო გადადის საპატრიარქოს კუთვნილებაში. თუმცა გარკვეული პერიოდი ის იურიდიულად რჩება მაშინდელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მფლობელობაში. ძალიან მალე ჩნდება ახალი მოთამაშე – შპს კომპანია „ემჯიაი“, რომელიც საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა ე.წ. სარეკომენდაციო წერილი საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტიდან. დოკუმენტებიდან, ასევე, ირკვევა, რომ კომპანია „ემჯიაის“ საკონტროლო პაკეტში 35 პროცენტს ფლობდა მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. ამ კომპანიის დამფუძნებელია ასევე მანანა შარაშიძეა. აღნიშნული კომპანია – შპს „ემჯიაი“, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 1000 დოლარად იღებს პრესტიჟულ უბანში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათზე დამაგრებულ 3854 კვ.მ მიწის ფართობს. ხოლო თარხნიშვილზე არსებული შენობის სანაცვლოდ, სახელმწიფო საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად გადასცემს ორთაჭალაში მდებარე „ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ 100%-იან წილს. როგორც მიხვდით, გაიყიდა თარხნიშვილზე მდებარე ფართი და ტენდერის საფუძველზე კომპანია „ემჯიაის“ გადაეცა. სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს დაევალა, სათანადოდ მოეწყო ბარნოვის სახელობის კლინიკა, დაემატებინა ფართი, კორპუსები და მოეხდინა კლინიკის ინვენტარიზაცია.

შპს „ემჯიაიმ“ აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში ქ. თბილისში „ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს ახალი ცენტრი უნდა აეშენებინა, აღეჭურვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოეხდინა. ასევე, საავადმყოფოს ეზოში უნდა აეშენებინა ეკლესია, სპეციალური სასწავლო კორპუსი და უპოვართა თავშესაფარი. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, თითქმის ნახევარი საქმე არ შესრულებულა.

იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიყვება:
– თავიდან რაღაც საძირკველი ამოთხარეს. ამ ფართის სანახავად მოიყვანეს პატრიარქი, აჩვენეს, აი, აქ განთავსდება ახალი საავადმყოფოო. მისი წასვლის შემდეგ ნახევარ საძირკველში ისევ მიწა ჩაყარეს და მხოლოდ მეორე ნახევარი, მცირე ნაწილი ააშენეს. რამდენიმე ხნის მერე, იმ ამოვსებულ ნაწილში მანქანაც კი ჩავარდა.

როგორც ირკვევა, შპს „ემჯიაის“ არ შეუსრულებია აღებული ვალდებულებები. არ შეუტანია კლინიკაში სამედიცინო აპარატურა, რის გამოც საავადმყოფო გაკოტრების რეჟიმში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, კომპანია „ემჯიაი“ ამ პერიოდში მესამე პირზე ახდენს ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე ძვირად ღირებული ქონების გასხვისებას. მეუფე თეოდორე და მანანა შარაშიძე გარიგებიდან საკუთარ წილს იღებენ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მეუფე თეოდორეს 35 პროცენტში მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული ქონება გადაეცა, საუბარია ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე პენტჰაუზზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ქონება მეუფე თეოდორეს უკვე ჩამოართვეს და ის საპატრიარქოს ბალანსზე გადავიდა.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა, აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად მეუფე თეოდორე ჭუაძესთან გადაემოწმებინა. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით „პრაიმტაიმი“ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას დაუკავშირდა, სადაც ქორეპისკოპოსის მდივანმა, ქალბატონმა ცირამ გვიპასუხა:
– ქალბატონო ცირა, ინფორმაციის გადამოწმება გვსურს. შეგიძლიათ, მეუფესთან დაგვაკავშიროთ?
– ვერ დაგაკავშირებთ, მეუფე არ იმყოფება ეპარქიაში.
– მაშინ თქვენ გკითხავთ, როგორც მის მდივანს. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მეუფე თეოდორეს ჩამოართვეს ვერაზე, თარხნიშვილის ქ. #2-ში მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული ქონება…
– მე ვერ გეტყვით ამას.
– რა მიზეზით ვერ გვეტყვით?
– მე გახლავართ მეუფეს მდივანი, როგორც ქორეპისკოპოსის, მე ეს ქონებრივი საკითხები არ მეხება და არ ვარ საქმის კურსში. ასე ვთქვათ, მე ვარ მისი მდივანი ეპარქიაში.
მეუფე თეოდორე, საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილეს ესწრება.
როგორც ირკვევა, ამავე იუბილეზე იმყოფება მანანა შარაშიძე. მანანა შარაშიძე შპს „ემჯიაი“-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელია.
„პრაიმტაიმი“ მანანა შარაშიძეს ესაუბრა:
– ქალბატონო მანანა, „პრაიმტაიმიდან“ გაწუხებთ… ხელში მიჭირავს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თქვენ შპს „ემჯიაი“-ს საკონტროლო პაკეტს ფლობდით…
– დიახ, ვიცი, მაგრამ ახლა არ ვარ საქართველოში.
– გასაგებია, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, გვიპასუხოთ.
– ეს კომპანია ახლა სხვას ეკუთვნის.
– ადრე ხომ თქვენ გეკუთვნოდათ? ვიცით, რომ გაასხვისეთ.
– და რა ხდება? თქვენ რაში გაინტერესებთ ახლა?
– მასალას ვამზადეთ და გვაქვს ოფიციალური დოკუმენტები. აი, მაგალითად, თქვენს კომპანიას საპატრიარქოს წერილის საფუძველზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, გადაეცა ვერაზე, ჯანაშიას #2-ში მდებარე სამშობიარო სახლი და მიწის ნაკვეთი…
– იცით, რაა? მე ახლა პატრიარქთან ერთად ვარ მოსკოვში…
– თქვენ საპატრიარქოში მუშაობთ, ქალბატონო მანანა?
– არა, მე ექიმი ვარ, პროფესორი…
– ქალბატონო მანანა, ხართ თუ არა დაახლოებული პირი პატრიარქის მდივანთან შორენა თეთრუაშვილთან?
– ვერ გიპასუხებთ, ბოდიში, საყვარელო, თვითმფრინავში შევდივარ.
„პრაიმტაიმი“ მზად არის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მანანა შარაშიძესა და მეუფე თეოდორეს დამატებითი განმარტებების გაკეთების საშუალება მისცეს.

დატოვეთ კომენტარი